понедельник, 21 декабря 2009 г.

1. ჩვენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს იმიტომ კი არ ვსწავლობთ რომ ეს ბუნებისთვის სასარგებლოა; არამედ იმიტომ, რომ ბუნება აღგვაფრთოვანებს , რადგან ის ლამაზია. ბუნება ლამაზი რომ არ იყოს ის შესწავლის ღირსი არ იქნებოდა, და ბუნება შესწავლის ღირსი რომ არ იყოს, სიცოცხლე ცხოვრების ღირსი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვგულისხმობთ სილამაზეს, რომელიც ჩვენს გრძნობებზე მოქმედებს არამედ - სილამაზეს, რომელიც მოდის ბუნების შემადგენელ ნაწილთა შორის ჰარმონიული წესრიგისგან, და რომლის შეცნობა წმინდა შემეცნებას ძალუძს.

2. ბუნების ლათინური ექვივალენტი ნატურა მნიშვნელობით ენათესავება "დაბადებას", მაშინ როცა ბერძნული შესატყვისი (ფიუზის) უკავშირდება "ზრდას". ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე. დღევანდელი ღონისძიების მიზანია საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგთა და სკოლის მოსწვლეთა თვალთახედვით დაგანახოთ ის მშვენიერება და სილამაზე რაც ადამიანის გონსა და ხელს შეუქმნია, რამეთუ ადამიანიც ბუნების შვილია. . .

3. ბუნება შთაგონების წყაროა ხელოვანთათვის, თითოეულ ჩვენგანს აოცებს დიდი მხატვრების მიერ შესრულებული პეიზაჟები. . . მოჯადოებულივით შეიძლება იდგე ქართველი მხატვრების სურათების წინაშე, შესცქეროდე მათ და თავს ამ ბუნების წიაღში გრძნობდე, საკუთარი თავი მიიჩნიო ბუნების ნაწილად, აბა რაა ცარიელი ბუნება უადამიანოდ. . .
 ქართველი კაცი ოდითგანვე აფასებდა ბუნებას, მის მიწა-წყალს არ აკლდა არც ზღვა და არც ცადაწვდენილი, არც ხშირი ტყეები და არც მჩქეფარე მდინარეები. საქართველოს უმდიდრესი ბუნება იყო ამ მიწა-წყალზე მცხოვრებთა თავიდათავი.
  შენ ქართველი ხარ, ქვეყანას,
მზის სხივად გადაექარგე,
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე,
 ხე დარგე როცა მოიწყენ
როცა მოილხენ ხე დარგე,
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დაწერ ხე დარგე!
თუ ვერ დაწერე რა უშავს,
ნურც რას იდარდებ მეტადრე.
ხის დარგვა ხომ შეგიძლია
შენც ადექი და ხე დარგე!

4. გოეთეს თქმისა არ იყოს “ბუნება შეუდარებელი მხატვარია უბრალო მასალისაგან ქმნის იგი სრულიად ურთიერთსაპირისპირო ხასიათის ნაწარმოებებს და თვალწინ გასაოცარ სანახაობას გადაგვიშლის. ბუნებაში ყველაფერი ცოცხლობს, იცვლება, მოძრაობს. იგი მტკიცეა, მისი ნაბიჯები გამოზომილია, თავისი გზიდან იშვიათად გადაუხვევს . მას შეუცვლელი, გარდაუვალი კანონები წარმართავს, ყოველი მისი ქმედება სასიკეთოა, რადგან აუცილებელია.
 ბუნებას არა აქვს ენა, სიტყვები, მაგრამ ქმნის ათასობით ენას და გულს, რომელთა მეშვეობითაც ლაპარაკობს და გრძნობს.
 სიცოცხლე ბუნების საუკეთესო გამოგონებაა, სიკვდილი მისთვის სიცოცხლის გაძლიერების საშუალებაა.
 ბუნება ყველაფერია: იგი თვითონ აჯილდოვებს და სჯის, ახარებს და აწამებს თავის თავს, ის მკაცრიცაა და სათნოც, ვუყვარვართ და გვაძრწუნებს, ის კეთილია, ბრძენია, და მხოლოდ სიკეთეს ემსახურება.

5. როცა ბუნების ფსიქოლოგიურ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ალბათ არ უნდა გამოგვრჩეს ბუნების უდიდესი ზემოქმედების ძალა შემოქმედზე.
 მრავალმა ქართველმა მწერალმა, თუ პოეტმა თავის ნაწარმობებით ხარკი გადაუხადა ბუნებას. ჩვენმა მოსწავლეებმა მოიძიეს ეს ნიმუშები და დღეს წარმოადგენენ თქვენს წინაშე, მათ ასევე საკუთარი წვლილის შესატანად გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები ლექსებისა და ნახატების სახით. მოვუსმინოთ მათ:

6. საყოველთაოდ ცნობილია, რომ უმზეოდ დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა. ეს ბრწყინვალე ციური სხეული გვაძლევს არსებობისთვის აუცილებელ ენერგიას და თუ ვცოცხლობთ, მას უნდა ვუმადლოდეთ. მაგრამ ზოგჯერ მთლიანად არ ვაფასებთ მის ქველმოქმედებას და მის მიერ გამოგზავნილ მადლს უაზროდ ვფლანგავთ.
მზე ქართველ ხალხს ცოცხალ, სულიერ არსებად ყავს წარმოდგენილი. მზე მგრძნობიარე და მოაზროვნეც კია. მას შეიძლება სთხოვო, რომ არ ჩავიდეს და შეიძლება შეისმინოს შენი ვედრება. მზე მფარველია ადამიანის პურადობის სიმამაცის. ხალხური წარმოდგენით, მზე ქალღვთაებაა, მზე – სიცოცხლის მომნიჭებელი, მზე –დედაა, მზე–მადლის მატარებელი, მზე–ქვეყნის სანთელი, მზე - მარადიულობის სიმბოლო.

7. ნოდარ დუმბაძეს უთქვამს ,, მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს –ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო–ცაში წავიდე.

  მზე შინა და მზე გარეთა,მზევ, შინ შემოდიო.
  უყივლია მამალსაო, მზევ, შინ შემოდიო.
  გათენდი, თუ გათენდები, მზევ, შინ შემოდიო.
  მზე დაწვა და მთვარე შობა, მზევ, შინ შემოდიო
  ჩვენ ვაჟი დაგვბადებია, მზევ, შინ შემოდიო,
 
8.
მზემ წვერი ამოჰყო და სუნჯის ტყის ფოთლები მოჰფინა ოქროსფრად. აქამდისინ გაჩუმებული ბუნება თითქოს ღიმილით მიეგება მომღიმარ მნათობს. Yყველა ცხოველი გრძნობდა, რომ ის ცოცხალია და მისთვის ეძლეოდა თავისუფალს მხიარულებას. თვით უძრავნი ყვავილნიც კი შეინძრნენ, გადაიშალნენ, იცვალეს მკრთალი ფერი და ღამის ნამით გაცოცხლებულნი მსწრაფად გაცხოველდნენ, რათა თავიანთი სახე ნაზად და კეკლუცად მზისკენ მიექციათ. გაუმაძღარი და შეუბრალებელი შუქი მოუსვენრად დაძვრებოდა ჩახლართულ ფურცლებს შუა, წყარო ანკარა და წმინდა, როგორც ცის ნამი, წყნარად ჩამოჩხრიალებდა და უალერსებდა ერთმანეთთან მოარშიყე ბუნების ქმნილებებს.
თუთა
ლამის სახლში შეიმოჭრეს თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი....
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი. . .

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!. . . დამდაგველი, მწველი. . .
ლამის სახლში შეიმოჭრეს თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი....

  9. საქართვლოს სილამაზით აღფრთოვანებულ კაცს უთქვამს: "სიბნელის ათასწლეულებს, სინათლის წამი სჯობია" . . .
  გავყურებ უშბას, გავყურებ თეთნულდს, გავყურებ მიჯრით მდგარ მწვერვალებს და ვცდილობ წარმოსახვით მაინც ავიდე მათზე. წარმოსახვითვე გადმოვხედო იქედან სამყაროს და წარმოსახვითვე ვიპოვო ის "სინათლის წამი" "სიბნელის ათასწლეულებს" რომ ჯობია...
  მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,
  თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
  გულზედ მესვენა მზე–მთვარე,
 ვლაპარაკობდი ღმერთთანა,
 საკეთილდღეო ქვეყნისა
 ხედვა სულად და გულადა;
 სიცოცხლე, მისთვის სიკვდილი
 მქონდა მეორე რჯულადა.


10. ყველას უყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა: გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისთვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბებება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენა:–გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, – თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან.მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ რა შეედრება.

11. როგორც ვაჟა ამბობს: „ვხედავთ კარგად, ბუნებას რომ თვალები არა აქვს, არც თავი აბია, და ტვინი სად ექნება? მაგრამ მისი წესი და რიგი, მისი სიმტკიცე აზრისა და მისწრაფებისა ჩვენ გვაოცებს, გვაკვირვებს. მისი გონიერი მოქნედება ადამიანის გონიერებას ბევრად აღემატება. ბუნება თავდაუზოგავად ღელავს, იბრძვის, მიისწრაფვის ერთხელ არჩეულ, აჩემებულ გზაზედ. აზრი მაღალი აქვს, ფიქრი-კეთილი.
 ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეჰღება,
ცას სიხარუილი მოჰფინა და ქვეყანასა შვენება!
აენთნენ ცეცხლის ალებრივ შორს გაბნეულნი ღრუბელნი,
ცა მშვენიერობს, ნათლდება... მასა შევნატრდით მხილვენლი!

ილევა ბინდი ღამისა, ცაში ვარსკვლავნი ჰქრებიან,
ათასის ხმებით ფრინველნი განთიადას მიეგებიან,
მოჰქრის დილისა ნიავიც გულის ამაგრილებელი,
ფშვინვა დაიწყეს ყვავილთა და ბაღში ფოთოლთ შრიალი.

ოჰ, რა ლამაზად იღვიძებს ბუნება მიძინებული!
დაჩუმდით...ყური მიუგდეთ...არ გესმით, ჰგალობს ბულბული?

ვიშ ამ დილას ამ ჰაერს ბუნების განმაცხოველსა,
გულისა ჭმუნვის განმქარველს, სიცოცხლის დამატკბობელსა!...
ღმერთო ვინ, მიჰსწვდეს შენგან ქმნილს, მისს ფერ უთვალავ შვენებას?
სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას.
 

12. ბუნება ცვალებადია, ხან დარია, ხან ავდარი, მაგრამ ყოველი ამინდი წელიწადის დროის მიხედვით მოსანატრებელიცაა. ბუნება თითქოს ამინდის მბრძანებელია.
  ,,ბუნება მბრძანებელია,
  იგივ მონაა თავისა,
  ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
 ზოგჯერ მქმნელია ავისა,
  ერთფერად მტვირთველი არის
  საქმის თეთრის და შავისა;
  საცა პირიმზეს ახარებს,
  იქვე მთხრელია ზვავისა...
  მაინც–კი ლამაზი არის,
  მაინც სიტურფით ყვავისა!..

13. ჭრელფრთებიანი ერთი პეპელა
დაჯდა ფოთოლზე
და ჩემ მაგიერ ფოთოლს ეფერა.
მონუსხულივით ვიდექი ასე, - ბუნებასავით
მეც ჩემი თავი ბუნებით სავსე,
იყო ცოცხალი , ეს იმას ნიშნავს, უნდა იცოცხლო,-
ვერ უნდა მოგკლას სიკვდილის შიშმა
მამყოფე შენფრად, მიწავ, ყვავილო,
რომ ეს წვიმები და ჩანჩქერები თავს გადავივლო.
მეც თქვენს ფერებში, თქვენს გაფრენებში გადარეული
ვიხარჯებოდე ბგერა-ბგერებში.
  ფ.ხალვაში

14. ნეტავ რა ხელმა ახარა
ამდენი ხე და ხეხილი
ათასფრად აყვავებული
ერთმანეთს გადაგრეხილი.
 ცა მშვენიერი, მაღალი,
მიწა ნაყოფით ნაქები,
ცისარტყელებად გაშლილი
ვენახები და ბაღები.
 Gაოცებული ვკითხულობ:
ქვეყანაა თუ ზღაპარი,
ქართლის, კახეთის მშვენება
და იმერეთის მთა-ბარი.
 სამეგრელო და გურია
რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი
აფხაზეთი და აჭარა
დამშვენებული მწვანეთი.
15. ათასწლიანმა კაკლის ხემ გაიშრიალა ხმიანად,
ხილთა ქვეყანას დასძახა გუგუნით, ომახიანად:
თქვენა ხართ ჩემი შვილები,
მე თქვენი ბერი პაპა ვარ,
მე ხომ თვით საქართველო ვარ,
  ბანის სათქმელად მზადა ვართ.
  ტოტებით ზეცას ვეხები,
  ფესვი მიწას მაქვს გადგმული,
  მე თქვენი პაპის პაპა ვარ,
  საქართველო ვარ განთქმული.
  იზარდეთ, ტკბილად დამწიფდით,
  ქართველი კაცი ახარეთ,
  ოქროს და ლალის ნაყოფი
  თქვენს მიწას გადააყარეთ.